ბლინკენი საფრანგეთში: უკრაინა რუსეთთან ომის "კრიტიკულ მომენტში" იმყოფება, კიევს მეტი მხარდაჭერა სასწრაფოდ სჭირდება

უკრაინა რუსეთთან ომის "კრიტიკულ მომენტში" იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება მეტი დასავლური მხარდაჭერა, განაცხადა 2 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც კიევისთვის მრავალმილიარდ დოლარიანი სამხედრო პაკეტის ირგვლივ არსებული ჩიხის გამო წუხს.


”აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა მიიღონ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას,” - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტის დროს. „ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ დამატებითი დახმარების მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა (ჯო) ბაიდენმა მიმართა (აშშ) კონგრესს, უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად,” განმარტა ამერიკელმა დიპლომატმა.


საფრანგეთში ვიზიტის დროს ბლინკენი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა, რომელთან ერთადაც კომპანია Nexter-ის ქარხანა მოინახულა, სადაც Caesar ჰაუბიცების წარმოება მიმდინარეობს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანი ფრანგ კოლეგა სტეფან სეჟურნესა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდება.


შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.

კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.